ოკუპირებულ ახალგორში, ქსნის ერისთავების სახლ-მუზეუმს გადაუდებელი რებილიტაცია სჭირდება, დეფაქტო ხელისუფლება კი თანხების მოძიებას ვერ ახერხებს, - ინფორმაციას თავად ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შენობის გადახურვა მოძველებულია, წვიმის დროს ოთახებში წყალი ჩადის და ექსპონატები ზიანდება, ფასადს და ფუნდამენტსაც შეკეთებას სჭირდება.
„მესმის, რომ რეაბილიტაციას მნიშვნელოვანი თანხები სჭირდება, მაგრამ აქ არის შეუფასებელი ექსპონატები, რომლებიც ქვის ხანის პერიოდისაა. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, როგორ მდგომარეობაშია მუზეუმი და რა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებაა აუცილებელი“, - აცხადებს სახლ-მუზეუმის გიდი თემურ გიგაური.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასულ წელს სახლ-მუზეუმს 3000-ზე მეტი მნახველი ჰყავდა. არქივებში დაცულია 5000-ზე მეტი მნიშვნელოვანი ექსპონატი. მისი რეაბილიტაცია, რაიონის ოკუპაციის შემდეგ აღარ ჩატარებულა.