დაღუპვამდე მამა ილიამ ნავში ადგილი ქალს და პატარა ბავშვს დაუთმო - რას წერს იტალიური მედია
გამოქვეყნებულია: 2015-01-02 20:25:00
ადრიატიკის ზღვაში დაღუპულ ქართველ სასულიერო პირზე იტალიური მედია წერს. გამოცემა „რიფაბლიკ იტ“ ბორანზე მყოფი საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის, 25 წლის ირაკლის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც მამა ილია კარტოზიას შესახებ საუბრობს. გადარჩენილი მგზავრის მონაყოლიდან ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც „ნორმან ატლანტიკზე“ ხანძარი გაჩნდა, მამა ილია მას ამხნევებდა და ძალას მატებდა. „როდესაც გემზე ხანძარი გაჩნდა, მე ჩემი შვილი ხელში ავიყვანე და გავიქეცი. მამა ილია მამშვიდებდა, მეუბნებოდა, რომ მეფიქრა ღმერთზე და ღმერთი დამეხმარებოდა. ასე მაძლევდა ძალას. მაჩვენებდა გზას, სად უნდა წავსულიყავი. მამა ილიას ზურგჩანთაში ხატები ჰქონდა და მას არასდროს იცილებდა. როდესაც სამაშველო ნავებზე გადადიოდნენ, მამა ილიამ დაინახა ქალი პატარა ბავშვით და მათ სამაშველო გემზე თავისი ადგილი დაუთმო, თვითონ კი ცეცხლმოკიდებულ გემზე დარჩა. მოგვიანებით, როდესაც მისი რიგი მოვიდა, გემიდან გადმოყვანის დროს სამაშველო თოკი გაწყდა და მამა ილია ზღვაში ჩავარდა“, - იხსენებს ირაკლი. როგორც გადარჩენილი მგზავრი ამბობს, წყალში სამაშველო ჟილეტი გადააგდეს, თუმცა ძლიერი ღელვის გამო, სასულიერო პირმა მასთან მიახლოება ვერ შეძლო. ადრიატიკის ზღვაში, ცეცხლმოკიდებულ ბორანზე სულ საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან შვიდი უვნებლად გადარჩა. დაღუპული მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.
წაკითხვა