"მაესტროზე" დარჩენილი ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ
გამოქვეყნებულია: 2014-12-23 11:06:00
"მაესტროზე" დარჩენილი ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ. “ორშაბათს კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ ახალი ამბების სარედაქციო პოლიტიკა და პრიორიტეტები დარჩება უცვლელი. ესაა პირობები, რომლის გამოც ამ ეტაპზე ჩვენ არხზე დარჩენის გადაწყვეტილება მივიღეთ", - აღნიშნულია განცხადებაში. ჟურნალისტების ინფორმაციით, არხის გენერალურმა დირექტორმა კვირას, თათბირზე განაცხადა, რომ გადაცემა "ცხრიანი" ბადიდან მოიხსნებოდა და, დიდი ალბათობით, მთავარი საინფორმაციო გამოშვება არხზე გავიდოდა შვიდ საათზე. თათბირზე ბაია გადაბაძემ თქვა ისიც, რომ კოკა ყანდიაშვილთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება მის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელიც ბადეში პრაიმ-თაიმის დროს დაიკავებდა. თათბირის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნინო ჟიჟილაშვილი გაათავისუფლეს სამსახურიდან. ორშაბათს სამსახურში მისულ ჟურნალისტებს გვესაუბრა არხის მენეჯმენტი და მივიღეთ გარანტია, რომ მთავარი საინფორმაციო გამოშვება "ცხრიანი" ეთერში უცვლელ დროს გავა, კოკა ყანდიაშვილის არხზე მოსვლა კი საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი. იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაცემა მაინც გავა "მაესტროს" ეთერით, ის მომზადდება დამოუკიდებელ სტუდიაში, რომელსაც არხთან არანაირი შეხება არ ექნება",- აღნიშნულია ჟურნალისტების ერთობლივ განცხადებაში.
წაკითხვა