დაჭრილი მამაკაცი, რომელსაც შუახევის საავადმყოფოში ოპერაცია ვერ ჩაუტარეს, გარდაიცვალა
განახლებულია: 2015-05-04 12:36:00
24 წლის ახალგაზრდა, რომელიც მიყენებული ჭრილობების გამო სისხლისგან დაიცალა, შუახევის საავადმყოფოში საკუთარი ფეხით მივიდა, მაგრამ მას შუახევის საავადმყოფოში ქირურგი არ დახვდა. ამის გამო, ოპერაცია ვერ ჩატარდა. ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომელიც ორი საათის დაგვიანებით მივიდა. დაჭრილი ორ საათში დაიღუპა. ამ ფაქტის გამო, ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და გზა გადაკეტა. ერთი კვირაა შუახევში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადაუდებელი და გეგმიური სტაციონარული მომსახურება გაუქმდა. ამის მიზეზი კლინიკის მფლობელი კომპანია „ევექსის“ გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც უარი თქვა აღნიშნულ მომსახურებაზე. შესაბამისად, შუახევის საავადმყოფოს ქირურგი აღარ ჰყავს. საავადმყოფოში შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. შემთხვევა შუახევში გუშინ მოხდა. ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 3 პირი დაჭრეს. 24 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ორი დაზარალებულის მდგომარეობა კი მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა ინფორმაცია ბრალდებულის დაკავების შესახებ.
წაკითხვა