NDI - ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლეს ხმის მიცემა
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 17:40:00
არაკონკურენტული წინასაარჩევნო პერიოდის შემდგომ, ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლეს ხმის მიცემა, - ასე აფასებს „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) თვითმმართველობისა და მერის არჩევნებს. ორგანიზაციის შეფასებით, მოქალქეებმა, საარჩევნო კომისიის წევრებმა, პარტიის აქტივისტებმა და კანდიდატებმა მშვიდი განწყობით შეძლეს დემოკრატიული პრინციპების ახალი ერთგულების დამტკიცება. NDI საარჩევნო კამპანიას თბილისის მიღმა კონკურენციის ნაკლებობით გამოარჩევს და შემოწირულობების კუთხით მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებულ უთანასწორობაზე საუბრობს. რაც შეეხება არჩევნების პირველად შედეგებს, მათი თქმით, ეს ადასტურებს სახელმწიფოს მართვის ყველა დონეზე ერთპარტიული მმართველობის გამყარებას, რაც როგორც ისინი აცხადებენ, პლურალისტური დემოკრატიის განვითარების შანსებს რისკის ქვეშ აყენებს და დემოკრატიის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. „არჩევნების დღემ ძირითადად ინციდენტების გარეშე ჩაიარა. უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დროულად ან მცირე შეფერხებებით დაიწყო. დღის განმავლობაში, კონკრეტულ უბნებზე ხმის მიცემის პროცედურები უმეტესწილად დაცული იყო და ხმების დათვლის პროცესმაც, ძირითადად, მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში ჩაიარა. თუმცა NDI-ის დამკვირვებლებმა პროცედურების სერიოზული დარღვევის შემთხვევებიც დააფიქსირეს, რაც კომისიის წევრების მხრიდან პროცედურების არასათანადო ცოდნასა და ხმების დათვლის პროცესში პარტიებთან აფილირებული დამკვირვებლების ჩარევას უკავშირდებოდა“, - ნათქვამია ანგარიშში. დასკვნაში ასევე მოხვდა ამომრჩევლების პირადი ნომრების ამოწერის გავრცელებული შემთხვევები, მათ შორის, გამოყვეს მარნეულში დაფიქსირებული დარღვევები. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გამოცხადების ფაქტს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ პარტიების ასეთი შეფასება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს.
წაკითხვა