აჭარის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-16 12:10:00
ძლიერი წვიმაა აჭარის მთიანეთში. მეწყერი ჩამოწვა სოფლების დიდაჭარის, ჩაოს, სტეფანაშვილების, მერჩხეთის, დეკანაშვილების სასოფლო გზებზე. ამ დროისთვის სოფლების ნაწილში გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით არის შესაძლებელი. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. რთული მდგომარეობაა სოფელ ჩაოში, სადაც სოფელთან მისასვლელი გზა იმდენად ჩაიხერგა, რომ საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები ალტერნატიული გზის გაყვანაზე მუშაობენ.„სამი დღეა კოკისპირულად წვიმს. ნალექი იმდენად დიდია, რომ სანიაღვრე არხები ვერ იტევს წყალს და გადმოდის გზის სავალ ნაწილზე, რამაც გზებზე მეწყრული მოვლენები გამოიწვია. მოძრაობა აღდგენილია დიდაჭარის, სტეფანაშვილების, მერჩხეთის და დეკანაშვილების მიმართულებით. იქ დილიდან მუშაობს მძიმე ტექნიკა. შედარებით რთული სიტუაციაა სოფელ ჩაოში, სადაც ალტერნატიული გზის გაყვანა გვიწევს. ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა საცხოვრებელს სოფელ ქედლებში. ამ დროისთვის, დროებით, ე.წ. ბრეზენტით გადავხურეთ, გამოდარებისთანავე ოჯახს შესაბამისად დავეხმარებით“, - განაცხადა პირველ არხთან ხულოს გამგებლის მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ.უამინდობის გამო, რამდენიმე ასეულ აბონენტს ხულოში ელექტროენერგია შეუწყდა. ამასთან, სააღმზრდელო პროცესი სამ საბავშვო ბაღში შეწყდა.
წაკითხვა