სტიქიის გამო მესტიის მოსახლეობის ნახევარს წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს
გამოქვეყნებულია: 2017-09-02 12:20:00
სტიქიის გამო მესტიის მოსახლეობის ნახევარს წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს და ყველა შესაბამისი კომპანიაა ჩართული, რათა წყლის მიწოდება აღდგეს, - ამის შესახებ მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, გზის გაწმენდის სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ტექნიკა მობილიზებულია როგორც მულახში, ისე მესტია-ჭალაზე ჭოლაშის თემთან. „საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. თუმცა წყალმომარაგება ნახევარ მესტიას შეწყვეტილი აქვს, ჩართულია ყველა კომპანია, რომ ეს მომარაგება აღდგეს. ჭოლაშის თემს, რომელიც მოწყვეტილი იყო ალტერნატიული გზა გუშინ დღის ბოლომდე გავუხსენით და ახლა მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაო, მაგრამ ამას სჭირდება დიდი დრო, პროექტები და სამუშაოები“, - განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა. მესტიის რაიონში გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე მულხურა ადიდდა, რომელმაც 5 ხიდი წაიღო და უშგულისკენ მიმავალი საავტომობილო გზა დააზიანა. უამინდობის გამო სოფელ ლატალში მეწყერი ჩამოწვა, დანგრეულია სოფლის შიდა გზა.
წაკითხვა