ეკა ბესელია - მცდარი ინფორმაციაა, თითქოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის მომზადების პროცესში არავინ იყო ჩართული
გამოქვეყნებულია: 2017-07-06 17:22:00
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მცდარი ინფორმაციაა, თითქოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის მომზადების პროცესში არავინ იყო ჩართული, როცა ექვსი თვის განმავლობაში, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ეს წინადადებები მუშავდებოდა. როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, სამუშაო ჯგუფში არც ერთი ორგანიზაციის მხრიდან არც ერთი წინადადება არ შესულა. "მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ, როცა საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოხდა, ერთი ორგანიზაციის მხრიდან რამდენიმე საკითხზე მოსაზრება მაშინ მივიღეთ. არავის არ შემოუთავაზებია არც ერთი წინადადება და კომენტარი. სამუშაო ჯგუფში ყველას მოწვევა არ ხდება. ეს პარლამენტის სამუშაო ჯგუფია და წარმომადგენლები დაასახელეს, რომლებიც რამდენიმე ორგანიზაციას წარმოადგენდა. მათ შორის იყვნენ - "საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო", მედია ექსპერტები და მათგან არც ერთი წინადადება არ მიგვიღია. რაც შეეხება იმას, თითქოს, ამას არ ახლავს არც ერთი ექსპერტული მოსაზრება, ევროპის მაუწყებელთა კავშირის და მეორე ევროპული ორგანიზაციის ორი ექსპერტული მოსაზრება არსებობს. ასევე ევროსაბჭოს ეგიდით ექსპერტიზა ჩატარდა და ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ამ წინადადებებს ძალიან მაღალი შეფასება მისცა. ასე, რომ ეს არის მეორე სიცრუე, რომელიც ამ განცხადებაშია", - აღნიშნა ბესელიამ. დეპუტატი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო პაკეტის სამართლებრივ ნაწილთან დაკავშირებით დამატებითი არგუმენტები მოისმინოს. "კონკურენციის პრობლემაა და მესმის, რომ ტელევიზიებს კონკურენციის თემა აქვთ და მაუწყებლის მიმართ სხვადასხვა ტელევიზიების მხრიდან სხვადასხვა განწყობები არსებობს, რაც სხვა თემაა. ამის მიუხედავად, შეხვედრისთვის მზად ვართ, მათი დამატებითი არგუმენტები მოვისმინოთ არა პოლიტიკური განწყობით, არამედ წმინდა სამართლებრივი და ობიექტური არგუმენტების გათვალისწინებით. შემიძლია, გაჩვენოთ ერთ-ერთი სიცრუე, რომელიც განცხადებაშია. ესაა ევროპის მაუწყებელთა დასკვნა, რომელიც ევროპის საბჭოს ოფისმა გააგზავნა და ეს არის მათ მიერ გამოგზავნილი შეფასების დოკუმენტი, რომელიც ეხება დაფინანსებისა და სახელმწიფო შესყიდვების საკითხებს, ასევე მართვასა და ხელმძღვანელობას. ანუ, ყველა იმ პუნქტს, რომელიც გაკრიტიკებული აქვთ ამ განცხადებაში. შეფასების თვალსაზრისით, მედია სფეროში ევროპის მაუწყებელთა კავშირი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის ორგანოა, რომელიც ამ საკითხებს ძალიან მაღალ და დადებით შეფასებას აძლევს. სხვა საკითხია კონკურენციის პრობლემა, რომელიც ტელევიზიებს ერთმანეთში აქვთ და ამაზე შეიძლება ერთმანეთს ელაპარაკონ. სამართლებრივ საკითხებზე მზად ვართ, რომ მათ მოვუსმინოთ. საკომიტეტო განხილვები იქნება და ამ საკითხზე მსჯელობა შესაძლებელი იქნება", - განაცხადა ბესელიამ.
წაკითხვა