საზოგადოებრივი
104.5 FM
ყველა სიახლე
სპორტი
2018 წლის ნოემბერში „ბორჯღალოსნები“ იტალიასთან ითამაშებენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 19:39:00
მომავალი წლის ტესტ მატჩებზე საქართველოს რაგბის კავშირისა და გულშემატკივრთა შეხვედრაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე გაირკვა, რომ 2018 წლის ივნისში იქნება ტურნე იაპონიასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე. ჯერჯერობით უცნობია, რომელ გუნდებს დაუპირისპირდებიან "ბორჯღალოსნები". გარდა ამისა, 31 მაისს გაიმართება შეხვედრა თბილისში, თუმცა მომავალი მეტოქის ვინაობა ბაჩო ხურციძემ სიურპრიზად დატოვა. 2018 წლის ნოემბერში საქართველოს ორი კუნძულელი ეწვევა და ერთ თამაშს იტალიასთან, სტუმრად გამართავს. ამ თამაშის ჩატარების დრო და ზუსტი ადგილი ჯერჯერობით უცნობია.
წაკითხვა
სამართალი
საქართველოს ელჩი საბერძნეთში აცხადებს, რომ ქვეყანაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე ფაქტები დამახინჯებულია
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 19:38:00
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილი მიმართვას ავრცელებს და ბოლო პერიოდში სამართალდამცველების მიერ საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს ეხმაურება.როგორც ელჩი აცხადებს, აღნიშნულ დაკავებებთან დაკავშირებით საელჩოს აქვს წინასწარი ინფორმაცია, როგორც ფაქტების დამახინჯების, ასევე, ინფორმაციის გავრცელების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის მიერ დაშვებული გადაცდომების თაობაზე.„მომავალი კვირისთვის ჩვენ გვექნება კომპეტენტური დასკვნა, რის საფუძველზეც, გარწმუნებთ, ჩვენი რეაგირება ამ შემთხვევაშიც იქნება დროული“, - აცხადებს ელჩი. ის აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული კრიმინალური შემთხვევების არსებობა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობებში არსებულ უმთავრეს პრობლემად რჩება. „ვფიქრობ, ზედმეტია იმის განმარტება, რომ ეს პრობლემა უაღრესად დიდ ზიანს აყენებს, როგორც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის იმიჯს, ასევე საელჩოს საქმიანობას. მსგავსი ფაქტები მნიშვნელოვნად აფერხებენ საბერძნეთის ხელისუფლებასთან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მოლაპარაკებას, ასევე საქართველოს მოქალაქეების მიმართ ბერძნულ საზოგადოებაში ქმნიან ძალზე ნეგატიურ ფონს“, - აცხადებს იოსებ ნანობაშვილი. ​მისივე თქმით, საელჩო საბერძნეთის მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების უმაღლეს პირებთან მუდმივ დიალოგშია შემდეგ საკითხებზე: განუხრელად იყოს დაცული საქართველოს მოქალაქეების უფლებები, მიუხედავად იმ დანაშაულის სიმძიმისა, რომელშიც მათ ედებათ ბრალი; არ იყოს დაშვებული მცდარი, ორაზროვანი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დანაშაულში ბრალდებული ჩვენი თანამემამულეების შესახებ.
წაკითხვა
საზოგადოება
საბერძნეთში, ათენის 50-ე საჯარო სკოლაში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 19:23:00
2017 წლის 2 ნოემბრიდან, საბერძნეთში, ათენის 50-ე საჯარო სკოლაში სრულფასოვნად ამოქმედდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, სპეციალურად საბერძნეთის საჯარო სკოლებისთვის შემუშავებული ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა. ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.„ქართულ ენას პირველი-მეექვსე კლასის მოსწავლეები შეისწავლიან. სასწავლო პროცესს წარმართავენ, საელჩოს მეშვეობით გამოცხადებული კონკურსით, განათლების სამინისტროს მიერ შერჩეული მასწავლებლები, საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ქ-ნი ხათუნა ლობჟანიძე და ქ-ნი მადონა ჯავახიშვილი. ზემოაღნიშნულ სკოლაში ქართული ენის გაკვეთილები კვირაში ორჯერ ჩატარდება.როგორც მოგეხსენებათ, მრავალწლიანი წინააღმდეგობის შემდეგ, 2016 წლის 14 აპრილს საბერძნეთის განათლების სამინისტრომ ოფიციალური თანხმობა განაცხადა ათენის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების დაშვებაზე. ამ მიზნით, საპილოტედ შეირჩა ქ. ათენის 50-ე საჯარო სკოლა, სადაც მიმდინარე წლის აპრილი-მაისის თვეში პროგრამა სატესტო რეჟიმში მოქმედებდა. პროგრამის წარმატებული ფუნქციონირების შემთხვევაში, განიხილება ქართული ენის სწავლების შემოღების შესაძლებლობა მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის, ასევე საბერძნეთის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის, პირველ რიგში, ქალაქ თესალონიკის საჯარო სკოლებში“, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
წაკითხვა
კულტურა
„არტისტერიუმი“ 2017 გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 19:05:00
თბილისში „არტისტერიუმი“ 2017 გაიხსნა. „ქარვასლა“ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენას უკვე მეათედ მასპინძლობს. ხელოვნების მოყვარულებს საგამოფენო სივრცეში ქართველი და უცხოელი ხელოვანების ნამუშევრების ხილვის საშუალება ექნებათ.წელს „ქარვასლაში“ გამოფენილი ნამუშევრების მთავარი მიმართულება ვიზუალური ხელოვნება, რეწვა და დიზაინია. მასში მონაწილეობენ არტისტები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ კორეიდან, გერმანიიდან, ფინეთიდან, საბერძნეთიდან და იაპონიიდან.საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია საერთაშორისო ჯგუფური გამოფენები: „ხელოვნება რეწვა დიზაინი“, „მისაღები ოთახი III“.„არტისტერიუმი“ თანამედროვე ხელოვნების ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოფენაა სამხრეთ კავკასიაში და თბილისის სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში 14 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
წაკითხვა
სამართალი
სახაზინო ადვოკატის განცხადებით, მეგის ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 18:47:00
მეგის ქარდავას პოლიტიკური თავშესაფარი არ მოუთხოვია, ის სახლში აიყვანეს და იარაღი არ არის ამოღებული - ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა ამის შესახებ პირველ არხს განუცხადა. ადვოკატ მიხაილ ლატოცკის განცხადებით, მეგის ქარდავამ მიმალვა ვერ მოასწრო. რაც შეეხება საექსტრადიციო მასალებს, როგორც ცნობილია, პირველი ინსტანციის სასამართლო ქარდავას საქმეს დაკავებიდან 40 დღის ვადაში განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს. ლატოცკის განცხადებით, ქარდავას უკრაინაში დანაშაული არ აქვს ჩადენილი და ის მხოლოდ ქართული მხარის მოთხოვნით და ინტერპოლის ძებნილის სტატუსით დააკავეს. ადვოკატის განმარტებით, დაკავებულს ამ ეტაპზე პრეტენზიები არ აქვს და მასთან არც პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნაზე უსაუბრია. მიხაილ ლატოცკი მეგის ქარდავას სახაზინო ადვოკატია.
წაკითხვა
სამართალი
თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 18:06:00
თურქეთის პოლიციამ მარმარისში სირიელი ლტოლვილების ევროკავშირში არალეგალურად გადაყვანის მცდელობაში ეჭვმიტანილი ორი მამაკაცი დააკავა. მათგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი თურქეთის - იუწყება Milliyet. თურქული პრესის ინფორმაციით, დაკავებული 37 წლის მამაკაცის სახელი და გვარი მათთვის უცნობია. თურქული მედიის ცნობით, დაკავებულებს 12 სირიელი ლტოლვილი მიკროავტობუსით დანიშნულების ადგილამდე მიჰყავდათ, საიდანაც საბერძნეთის ტერიტორიაზე, როდოსის კუნძულზე არალეგალურად გადასვლაში უნდა დახმარებოდნენ. ორივე ეჭვმიტანილის საქმეს სასამართლო განიხილავს.
წაკითხვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა აღიარა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 17:56:00
კარტერ პეიჯი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის შტაბში მრჩეველის თანამდებობას იკავებდა, რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტს ადასტურებს. საგარეო პოლიტიკის მიმართულების მრჩეველი აღნიშნავს, რომ რუსეთის ვიცე-პრემიერს, არკადი დვორკოვიჩს 2016 წლის ივლისში, მოსკოვში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე შეხვდა. მისივე თქმით, შეხვედრა ზოგადი ხასიათის იყო.„ეს იყო არაფერი მეტი, ვიდრე მისალმებების გაცვლა საჯარო ღონისძიებაზე“ - აღნიშნავს პეიჯი, რომელიც აქამდე ამტკიცებდა, რომ რუსეთში ყოფნისას მხოლოდ რამდენიმე ბიზნესმენს ესაუბრა, რომლებსაც დიდი ხანია, იცნობდა. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვიც უარყოფდა.მოსკოვში ტრამპის საგარეო მრჩეველის შარშანდელმა ვიზიტმა მედიაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რადგან ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პეიჯი მსოფლიო პოლიტიკასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის ხედვებთან ახლო მიდგომებს გამოხატავდა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, წარმომადგენლობითი პალატის კომიტეტის სხდომაზე ის წერილიც გაასაჯაროეს, რომელიც პეიჯმა ტრამპის ყოფილ მრჩეველს და ახლა უკვე აშშ-ის იუსტიციის მინისტრს მოსკოვური შთაბეჭდილებების შესახებაც მიწერა, თუმცა მედიისთვის მისი შინაარსი უცნობია.საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც აშშ-მ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე რუსეთის ხელისუფლების შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიება დაიწყო.
წაკითხვა
სპორტი
დიდიე დეშამი ქარიმ ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნებას არ აპირებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 17:54:00
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მიანიშნა, რომ არ აპირებს ეროვნულ გუნდში მადრიდის "რეალის" ფორვარდის ქარიმ ბენზემას მიწვევას. ამ დღეებში ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ძალიან უნდა ნაკრებში დაბრუნება. „მე არ მინახავს ბენზემას ეს ინტერვიუ, რადგან გაზეთებს იშვიათად ვუყურებ“, - განაცხადა ფრანგების მწვრთნელმა. „თქვენ იცით ჩემი პოზიცია ბენზემას საკითხზე და ის უცვლელი რჩება“, - აღნიშნა მან. ბენზემა თითქმის წელიწად-ნახევრია მოკვეთილია ნაკრებიდან იმის გამო, რომ თანაგუნდელ მატიო ვალბუენას სექსუალური ხასიათის ვიდეოთი აშანტაჟებდა. საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიოს 2018 ჩემპიონატის საგზური გარანტირებული აქვს.
წაკითხვა
შემთხვევა
წალენჯიხაში ბამბის საწარმო დაიწვა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 17:46:00
წალენჯიხაში ბამბის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო მანქანაა მობილიზებული. ადგილზე დიდი დაკვამლიანებაა. წალენჯიხის გამგებლის ბესიკ ფარცვანიას თქმით, საწარმო ყოფილ ყრუ-მუნჯთა საზოგადოების შენობაში იყო განთავსებული. მეხანძრეებმა შენობის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა საწყობში არსებული ბამბა სრულად დაიწვა. ხანძარი წალენჯიხის გარეუბანში, სოხუმის ქუჩაზე მომხდარი ხანძრისას არავინ დაშავებულა. ბამბის საწარმო კერძო საკუთრებაა და მეპატრონეები ზარალს ტავად დაითვლიან.ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
წაკითხვა
სპორტი
„შუქურა“-„ლოკომოტივი“ ანგარიშით 2:2 დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 17:08:00
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტურში ქობულეთის „შუქურა“ სენსაციასთან ახლოს იყო - გათამაშების აუტსაიდერს გადათამაშებაში მონაწილეობის შანსი გაუჩნდა და თბილისში, „ლოკომოტივთან“ მოედანზე მოსაგებად გავიდა.59-ე წუთისთვის სტუმრები ბრაზილიელი ლეგიონერების, მარსელინიოსა და ჯეფინიოს გოლებით 2:1 დაწინაურდნენ – თბილისელთანაგან თავი 26-ე წუთზე გიორგი რეხვიაშვილმა გამოიჩინა. მაგრამ 72-ე წუთზე "ლოკომოტიველმა" გეგა დიასამიძემ წონასწორობა აღადგინა და საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა - 2:2, რაც ქობულეთელებისთვის კატასტროფის ტოლფასი შედეგი გახლდათ. "ლოკომოტივმა" 53 ქულა დააგროვა, მე-5 ადგილზეა და "საბურთალოს" დაეწია. "შუქურას" კი 18 ქულა აქვს, კონკურენტ "კოლხეთს" უკვე 5 ქულით ჩამორჩა და დარჩენილ 3 შეხვედრაში მხოლოდ მოგებები სჭირდება, გადათამაშებაში რომ მოხვდეს.
წაკითხვა
სპორტი
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „კოლხეთმა“ ხუთი თვის შემდეგ პირველად მოიგო
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 16:40:00
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური ფოთში გამართული შეხვედრით დაიწყო - „კოლხეთმა“ „პარკ-არენაზე“ გორის „დილას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.ერთადერთი გოლი 43-ე წუთზე კოლხების უკრაინელთა თავდამსხმელმა იგორ ბროვკომ გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი მოგება მოუტანა.ფოთელებმა 27 მაისს შემდეგ პირველად მოიგეს, 23 ქულა დააგროვეს და გადათამაშებაში მოხვედრის დიდი შანსი გააჩნიათ. „დილა“ კი,, 37 ქულით ისევ მე-7 პოზიციაზეა.
წაკითხვა
სპორტი
„მაორი ოლ ბლექსმა“ კანადა გაანადგურა, ავსტრალიამ კი იაპონიას სძლია
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 16:37:00
"მაორი ოლ ბლექსმა", კანადა, რომელიც ნოემბრის ტესტებზე "ბორჯღალოსნებსაც" დაუპირისპირდება, 51:9 გაანადგურა. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ "შავები" შეხვედრის მანძილზე დომინირებდნენ. მათ პირველ ტაიმში სამი, ხოლო მეორე ტაიმში ოთხი ლელო დადეს, თავად კი არც ერთი არ გაუშვიათ.გამორჩეული იყო მგეზავი იჰაია ვესტი, რომელმაც 16 ქულას მოუყარა თავი (ორი ჯარიმა, ხუთი გარდასახვა). კანადელთა ქულები ბროკ სტალერმა სამი საჯარიმო დარტყმით პირველივე ტაიმში მოიპოვა.უფრო სანახაობრივი გამოდგა შეხვედრა ავსტრალიასა და იაპონიას შორის. ამ მატჩის პირველ ტაიმშიც ფავორიტები დომინირებდნენ. "ვოლაბებმა" "საკურებს" ხუთი უპასუხო ლელო დაუდეს და შესვენებაზე 32 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.იაპონელები მეორე ტაიმში გამოცოცხლდნენ და მეტოქის ოთხი ლელოს პასუხად სამი თავადაც დადეს, თუმცა რა თქმა უნდა ამას თამაშის საბოლოო შედეგზე გავლენა არ ჰქონია.მატჩის საბოლოო ანგარიში - ავსტრალია 63:30 იაპონია.სათამაშო დღის ბოლო ტესტ მატჩში ერთმანეთს ახალი ზელანდია და ბარბაროსები დაუპირსპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
წაკითხვა
სპორტი
ქართველი პარა-ფრენბურთელები ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 16:23:00
ქართველი პარა-ფრენბურთელები ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. შეხვედრები 4-12 ნოემბერს გაიმართება და მასში 13 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ქართველი მჯდომარე ფრენბურთელები ჯგუფურ ეტაპზე ბოსნიასთან, სერბეთთან და უნგრეთთან ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები პარა-ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობს. ეროვნული ნაკრები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული  ქართველი სამხედროებითაა დაკომპლექტებული. სპორტსმენებს გამგზავრების წინ წარმატება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა უსურვა.
წაკითხვა
რეგიონები
ზემო ნიქოზში მეკლდეურთა კლუბის პრეზენტაცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 16:21:00
სოფელ ზემო ნიქოზში მეკლდეურთა კლუბის პრეზენტაცია გაიმართა. კლუბში ადგილობრივი ახალგაზრდები არიან გაწევრიანებულები და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან. ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ. ქეთევან ციხელაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი ნიქოზის ხელოვნების სკოლასაც ესტუმრნენ.
წაკითხვა
მსოფლიო
ერაყის ჯარმა ISIS-ის გაძევების შემდეგ ალ ყაიმში სახელმწიფო დროშა აღმართა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 16:19:00
ერაყელმა ჯარისკაცებმა თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ უკანასკნელ ბასტიონად წოდებული ალ ყაიმის აღების შემდეგ, ქალაქის ცენტრში ერაყის დროშა ააფრიალეს. გამარჯვების ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.რამდენიმეკვირიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ერაყის ჯარმა და სხვა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ჯიჰადისტები ქალაქიდან განდევნეს. ალ ყაიმზე სრული კონტროლის დამყარებას საერთაშორისო საზოგადოება თვითგამოცხადებულ „ისლამურ სახელმწიფოზე“, იგივე „დაეშზე“ გამარჯვების ბოლო ფაზად აფასებს.ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთ სამიზნედ ქცეული ალ ყაიდას ერაყული ფრთის ლიდერი აბუ მუსაბ ალ ზარქავის ლიკვიდაციის შემდეგ, 2007 წელს მისივე დაარსებული ჯიჰადისტების ჯგუფი ერაყის „ისლამურ სახელმწიფოდ“ გადაკეთდა. მოგვიანებით, 2013 წლის მაისში დაჯგუფებამ ახალი სახელი - ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო დაირქვა და ერაყის ოკუპაციაც მაშინ დაიწყო.ექსტრემისტების პირველ სამიზნედ ერაყის ქალაქი ფალუჯა იქცა, ამას მოჰყვა სირიის ქალაქებიც, მათ შორის რაქა, რომელიც 2014 წლის იანვრიდან სახალიფოს დე ფაქტო დედაქალაქად გამოცხადდა. „დაეშმა“ მსოფლიოს ყურადღება მოსულში მიიპყრო, სადაც რელიგიური და ეთნიკური ნიშნით ქურთებისა და ქრისტიანების გენოციდი მოაწყო, ჯიჰადისტების სულიერმა ლიდერმა ალ ბაღდადიმ კი, იმავე ზაფხულს მოსულში თავი ხალიფად გამოაცხადა.ერაყისა და სირიის თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ „ოქროს ხანა“ სწორედ მოსულის აღებით დაიწყო, რომელიც 2015 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდა. მათ წინააღმდეგ ფორმირებული საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშმა, ერაყისა და სირიის ჯარებმა ჯიჰადისტები მაშინ ვერ შეაჩერეს. „დაეშმა“ ანტიკურ ქალაქ პალმირაში, მოსულის მსგავსად, უძველესი ცივილიზაციის ძეგლები გაანადგურა.2015 წლის მარტიდან ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ კონტროლი ჯერ სირიის ქალაქ კობანიზე დაკარგა, მოგვიანებით - ერაყის ქალაქ ტიკრიტზე. რვათვიანი ბრძოლა მოსულის ასაღებად კი, 2017 წლის ზაფხულში ჯიჰადისტების დამარცხებით დასრულდა. რამდენიმე კვირის წინ ერაყის დემოკრატიულმა ძალებმა და ქურთმა მებრძოლებმა ISIS-ის დე ფაქტო დედაქალაქი რაქაც აიღეს.მომზადებულია Reuters-ის, CNN-ის და BBC-ის მიხედვით
წაკითხვა
რეგიონები
კახეთში ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 16:18:00
კახეთში ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 56-კილომეტრიანი მონაკვეთი დანალექისა და მცენარეებისგან იწმინდება. პროექტის დასრულების შემდეგ, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, 3000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი უნდა გაუმჯობესდეს.
წაკითხვა
სამართალი
დაჩი ფელდმანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 16:18:00
პროკურატურამ დაჩი ფელდმანის მიმართ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაასრულა.დაჩი ფელდმანის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გტავაზობთ. „საქართველოს პროკურატურამ დ. ფ.-ს დაკავებისას პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაასრულა, სადაც შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა. 2016 წლის 2 დეკემბერს, პოლიციელზე თავდასხმისთვის მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის დაკავებულმა, წარსულში განზრახი დანაშაულისთვის რამდენჯერმე ნასამართლევმა დ. ფ.-მ გამოძიების ეტაპზე განმარტა, რომ მისი დაკავებისას პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობის გამოყენების ფაქტებს. რის საფუძველზეც ქ. თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება დ. ფ.-ს დაკავებისას პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მიზნით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ჩატარდა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები დაიკითხნენ მოწმეები. საქმეზე გამოკითხულმა პოლიციელებმა და დ.ფ.-ს თანმხლებმა პირებმა გამოკითხვისას განაცხადეს, რომ ქ. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დ.ფ. თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა ავტომანქანაში, რომელიც პოლიციელთა გამოჩენის შემდეგ დატოვა და ტერიტორიიდან გაქცევის მიზნით ახლომდებარე ხევში გადახტა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანებები. პოლიციელებმა მისი დაკავების მიზნით დევნა ვეღარ გააგრძელეს, რადგანაც ხევში გადახტომას შესაძლოა მოჰყოლოდა პოლიციელთა სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაზიანება. იმავე დღეს დაახლოებით 21:30 საათზე დ.ფ. ნანახი და დაკავებული იქნა ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. დაკავებისას მას აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, რომლებიც მისივე განმარტებით მიღებული ჰქონდა 2016 წლის 2 დეკემბერს დაცემის შედეგად. აღნიშნულ ოქმს ხელმოწერით ადასტურებს თავად დ.ფ. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დ. ფ.-ს დაკავებისას პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა“, - აცხადებენ პროკურატურაში. 
წაკითხვა
სპორტი
რაგბი ლიგის მსოფლიო თასზე ტონგამ სამოა დაამარცხა,
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 16:09:00
რაგბი ლიგის მსოფლიო თასზე ტონგამ სამოა დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა. მატჩი ახალ ზელანდიაში, ვაიკატოს სტადიონზე გაიმართა, სადაც ორივე გუნდს მრავლად ჰყავს გულშემატკივარი.ტონგელთაგან გამორჩეული კვლავ NRL-ის ვარსკვლავი მაიქლ ჯენინგსი იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა. პირველი ტაიმის მიწურულს ლეიუას შანსი ჰქონდა სამოა წინ გაეყვანა, თუმცა ლელო ვიდეო რეფერიმ არ ჩათვალა. პასუხად, ტაიმის დასრულებამდე ტონგამ გარდასახული ლელო და ჯარიმა მიითვალა და ნახევარი 14:6 მოიგო.მეორე ტაიმშიც ორივე გუნდი აქტიურობდა. სამოელებმა ორი ლელო დადეს, თუმცა მეტოქის შეტევები ვერ მოიგერიეს და თავად სამი გაუშვეს.საბოლოო ანგარიში 32:18 ტონგელთა სასარგებლოდ.ტურის პირველ შეხვედრაში ავსტრალიამ საფრანგეთი 52:6 გაანადგურა.გამანადგურებელი ანგარიში დაფიქსირდა შოტლანდიისა და ახალი ზელანდიის დაპირისპირებაშიც. "კივებმა" სკოტებს 74:6 მოუგეს.პირველ ტურში საფრანგეთის დამარცხების შემდეგ ლიბანი ინგლისთანაც ძალიან მოტივირებული გამოვიდა და 25-ე წუთამდე საყაიმო ანგარიშის შენარჩუნებაც მოახერხეს, თუმცა შემდეგ ტურნირის ფავორიტებმა იმძლავრეს და დამაჯერებლად 29:10 მოიგეს.ტურის დარჩენილი შეხვედრები ხუთ ნოემბერს გაიმართება.
წაკითხვა
ეკონომიკა
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 16:04:00
2018 წლის ბიუჯეტის მისაღებად საკანონმდებლო ორგანოს დრო წლის ბოლომდე აქვს. მთავარი ფინანსური დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა პარლამენტში გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპოზიციის ძირითადი პრეტენზიები პენსიის საკითხსა და ეროვნული ვალუტის კურსს უკავშირდებოდა. მმართველი გუნდი ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების მიზნობრიობაზე საუბრობს. ოპოზიციაში კი თვლიან, რომ წარმოდგენელი დოკუმენტი ეკონომიკის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს და, სავარაუდოდ, მომავალი წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს. ახლა პროექტი ცვლილებებისთვის მთავრობას დაუბრუნდება. პარლამენტი კი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღებაზე უკვე დეკემბერში იმსჯელებს.
წაკითხვა
სამართალი
ენმ ცესკო-ს წინააღმდეგ სარჩელს ერთ საათში შეიტანს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 16:02:00
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სასამართლოში სარჩელს ერთ საათში შეიტანს. პოლიტიკური გუნდი ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის შედეგების გაუქმებას ითხოვდა, თუმცა ცესკო-მ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საარჩევნო ადმინისტრაციამ საჩივრების განხილვა უკვე დაასრულა და ახლა პარტია საკუთარი პოზიციის დაცვას სასამართლოში აპირებს. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, სამართლებრივი ბრძოლა სტრასბურგში გააგრძელონ.
წაკითხვა