საზოგადოებრივი
104.5 FM
6693

იდუმალი სწრაფი რადიოიმპულსები შესაძლოა არამიწიერ ცივილიზაციებს ეკუთვნოდეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-03-10 21:40:00

სამყაროში არსებულ აუხსნელ მოვლენებს შორის, სწრაფი რადიოიმპულსები (FRB) ყვლაზე უფრო უცნაურია. ისინი ერთ-ერთი ყველაზე მოუხელთებელი და ფეთქებადი სიგნალებია, რაც კი ოდესმე კოსმოსში დაგვიფიქსირებია; მიუხედავად იმისა, რომ ეს იმპულსები სულ რაღაც მილიწამებს გრძელდება, ისინი 500 მილიონ მზეზე მეტ ენერგიას გამოყოფენ. 

გასულ წელს, მკვლევრებმა 16 სწრაფი რადიოიმპულსი დააფიქსირეს, რომელთაგან ყველა  ირმის ნახტომის გარედან, ერთი და იგივე წყაროდან მოდიოდა. ამჯერად, როგორც ჰარვარდის ფიზიკოსები ფიქრობენ, ასეთი სიგნალები შესაძლოა უცხოპლანეტელთა მოწინავე ტექნოლოგიების არსებობის მტკიცებულება იყოს. 

„მოკლე ხანგრძლივობისა და ასეთი შორეული წარმომავლობის კვალობაზე, სწრაფი რადიოიმპულსები მეტისმეტად კაშკაშაა და ამ დრომდე, ჩვენ დადასტურებით ვერ ვახდენთ მათი შესაძლო ბუნებრივი წყაროს იდენტიფიცირებას“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის თეორეტიკოსი ფიზიკოსი ევი ლეობი. 

„დასაფიქრებლად და შესამოწმებლად ღირს მათი ხელოვნური წარმომავლობის შესაძლებლობის შემოწმება“. 

სწრაფი რადიოიმპულსები (FRB) არც თუ ისე იშვიათია — მას შემდეგ, რაც იგი პირველად 2007 წელს დააფიქსირეს, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ყოველდღიურად, სამყაროში დაახლოებით 2000 ასეთი სიგნალი ანათებს.  

მაგრამ ამ სიგნალების დაფიქსირებისა და ანალიზის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ძალიან ხანმოკლე, 5 მილიწამზე ნაკლები ხანგრძლივობისაა და აქვთ აბსოლუტურად შემთხვევითი წარმომავლობა. 

პირველი განმეორებადი FRB-ის დაფიქსირება მკვლევრებმა მხოლოდ 2016 წლის ბოლოს შესძლეს — 11 მაღალენერგიული რადიოანთება, რომელთაგან ყველა მომდინარეობდა ერთი და იგივე წყაროდან, სამყაროს შორეული კუთხიდან. 

ამ წლის დასაწყისში, იგივე ადგილიდან მომდინარე კიდევ 6 სიგნალი გამოვლინდა; როგორც მკვლევრებმა განსაზღვრეს, ისინი დედამიწიდან 3 მილიარდი სინათლის წლის დაშორებით მდებარე მკრთალი, ჯუჯა გალაქტიკიდან მოემართება. 

ეს წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იყო, რადგან მანამდე დაფიქსირებული ყველა FRB კოსმოსის სხვადასხვა, შემთხვევითი ადგილებიდან მოდიოდა, რაც შემდგომ დაკვირვებებს შეუძლებელს ხდიდა. 

თუმცა, მიუხედავად პირველი განმეორებადი FRB-ების აღმოჩენისა, რომელთაც საერთო სახელი, FRB 121102 უწოდეს — არავის შეეძლო დამაჯერებლად აეხსნა თუ რა განაპირობებდა ასეთი ძლევამოსილი სიგნალების წარმოშობას.  

ამ ეტაპზე, წამყვანი ჰიპოთეზის მიხედვით, ეს სიგნალები სამყაროში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი და ფეთქებადი მოვლენების შედეგია — როდესაც სუპერმასიური შავი ხვრელები კოსმოსურ ნივთიერებებს გადამოანთხევენ; ასევე, წყაროდ განიხილება სუპერნოვათა აფეთქება ან მბრუნავი მაგნეტარები — ნეიტრონული ვარსკვლავების ტიპი, რომლებიც მძლავრი მაგნიტური ველის წყალობით, გარშემო ყველაფერს ანადგურებენ.  

მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია, რაც ეფუძნება იმის რწმენას, რომ ასეთი ძლევამოსილი სიგნალები აუცილებლად ჩვენთვის ცნობილი რომელიმე ყველაზე მძლავრი მოვლენის შედეგი უნდა იყოს. 

ლოებისა და მისი ჯგუფის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც ახსნა არ არსებობს, აღნიშნულ მოსაზრებას ყველა ეთანხმება, მაგრამ დროა, ვიფიქროთ შედარებით ნაკლებად ბუნებრივ წყაროებზეც.  

მიგვაჩნია, რომ სწრაფი რადიოიმპულსები შექმნილია გალაქტიკის გარეთ არსებულ ცივილიზაციათა მიერ, სინათლის იალქნების მართვის მიზნით“, — წერენ მკვლევრები დოკუმენტში. 

თუკი არ იცით რა არის სინათლის იალქანი, გეტყვით, რომ ეს ტექნოლოგია ჯერ ჩანასახოვან ეტაპზეა — ყოველ შემთხვევაში, დედამიწაზე; თუმცა, გააჩნია პოტენციალი რევოლუცია მოახდინოს კოსმოსის კვლევაში; NASA-ს მკვლევართა გათვლებით, ეს ტექნოლოგია მარსზე სულ რაღაც 3 დღეში ჩაღწევის შესაძლებლობას მოგვცემს. 

„ფოტონური პროპულსიის“ სისტემების სახელით ცნობილი ე. წ. სინათლის იალქნების მამოძრავებელი ძალაა ფოტონები (სინათლის ნაწილაკები), რომლებიც შეიძლება იყოს როგორც მზის სხივები, ისე დედამიწაზე არსებული ლაზერები, რომლებზეც NASA უკვე მუშაობს.  

ეს კი პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ საწვავი საჭირო აღარაა და მოგზაურობა შეიძლება იმდენ ხანს გაგრძელდეს, სანამ ფიზიკური ნაწილი გასძლებს. 

ამ გადმოსახედიდან, ლეობი და მისი ჯგუფი იკვლევს შესაძლებლობას, რომ სწრაფი რადიოიმპულსები მოედინება უცხო ცივილიზაციის კუთვნილ შორეულ პლანეტაზე განთავსებული უზარმაზარი რადიოგადამცემიდან, რომელიც რადიოსიგნალებს უზარმაზარი სინათლის იალქნების ასამოძრავებლად გამოსცემს. 

ჩვენთვის ცნობილი FRB-ების მონაცემების დამუშავების შედეგად, მათ გამოთვალეს, რომ სიგნალები გამოყოფილი უნდა იყოს მილიარდობით სინათლის წლის იქით მდებარე უზარმაზარი, ვარსკვლავის ენერგიაზე მომუშავე რადიოგადამცემის მიერ; გარდა ამისა, იმისათვის, რომ ეს სიგნალები იმდენად ძლიერი ყოფილიყო, რომ აქ, დედამიწაზე დაგვეფიქსირებინა, საკმარისი სინათლის შესაგროვებლად საჭიროა პლანეტის ზომის არეალი. 

და არა უბრალოდ ნებისმიერი პლანეტა — საჭიროა ის დედამიწაზე ორჯერ დიდი იყოს. იქნებ საქმე დაისონის სფეროსთან გვაქვს? 

წარმოგიდგენთ ერთგვარ წანამძღვარს, რომელსაც ეფუძნება სტივენ ჰოკინგის მიერ შემუშავებული სინათლის იალქნის პროექტი Breakthrough Starshot-ი: 

 

იმისათვის, რომ მთელმა ამ შუქმა პლანეტა და გადამცემი მილიწამებში არ დაწვას, საჭიროა წყალზე დაფუძნებული გაგრილების სისტემა. 

მკვლევართა აზრით, ასეთი მოწყობილობა სრულად ჯდება ფიზიკის კანონებში. მის შექმნას შესაძლოა ორი ძირითადი მიზანი ჰქონდეს — მას არა მხოლოდ  შეუძლია სიგნალები გააგზავნოს სამყაროს ვრცელ არეალებში, უცხო ცივილიზაციებთან, ასევე შესწევს უნარი მამოძრავებელი ძალა მისცეს ზონდებსა და კოსმოსურ ხომალდებს ვარსკვლავთშორის სივრცეში შორეული მოგზაურობისათვის. 

„წარმოგვიდგენია გადამცემი, რომელიც სინათლის იალქნების გასაშვებად საჭირო სიგნალებს გამოყოფს. სინათლის იალქი ზუსტად იგივე პრინციპით მუშაობს, როგორც ქარის მიერ მართული იალქნიანი გემი, ოღონდ ამ შემთხვევაში, იალქანს სინათლე მართავს და შესწევს სინათლის სიჩქარის განვითარების უნარი“, — უთხრა Gizmodo-ს ლეობმა. 

რა თქმა უნდა, სწრაფი რადიოიმპულსების წინა სხვა განმარტებებთან ერთად, ეს ახალი ჰიპოთეზაც სპეკულაციური რჩება და როგორც ლეობი აცხადებს, მას არ აქვს იმედი, რომ ყველა კითხვას მკაფიო პასუხს გასცემენ.  

თუმცა იგი იმასაც დასძენს, რომ მეცნიერება არ არის ისეთი რაღაც, რისიც შენ გჯერა, მისი მთავარი ამოსავალი წერტილი მტკიცებულებებია და ყოველთვის ღირს, რომ დაგებადოს მრავალი იდეა საბოლოოდ იმის დასამტკიცებლად, შეესაბამება თუ არა მათ შესაბამისი მონაცემები.  

„დიახ, მოსაზრება, რომ სწრაფი რადიოიმპულსები გალაქტიკის მიღმა არსებული ცივილიზაციის მიერაა წარმოებული, უფრო საკამათოა, ვიდრე მათი ასტროფიზიკური წარმომავლობის იდეა, მაგრამ რაოდენობრივი მოთხოვნები, რომლებიც მათ ხელოვნურ წარმომავლობას ესაჭიროება, როგორც მინიმუმ, მნიშვნელოვანი მიზანია ასტრონომთათვის, რათა განაგრძონ მონაცემების შეგროვება-დამუშავება“, — განმარტავს ჯგუფი. 

დოკუმენტი უახლოეს მომავალში დაიბეჭდება Astrophysical Journal Letters-ში, მანამდე კი იგი ხელმისაწვდომია arXiv.org-ზე. 



მომზადებულია  Gizmodo-სა და ScienceAlert-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
ჰოლივუდის ფილმები და სამეცნიერო ფანტასტიკ
წაკითხვა
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
NASA-ს მიერ ჩატარებული ახალი კვლევა აუმჯობესებს ჩვენს გაგებას სიცოცხლისათვის ვარგის იმ პლანეტ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების ინსტიტუტის
წაკითხვა
შორეული გალაქტიკიდან მომავალი უცნაური სიგნალების საიდუმლო შეიძლება ანტარქტიდის ობსერვატორიამ ამოხსნას
შორეული გალაქტიკიდან მომავალი უცნაური სიგნალების საიდუმლო შეიძლება ანტარქტიდის ობსერვატორიამ ამოხსნას
დღეისათვის, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებ
წაკითხვა
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც დაჟინებით
წაკითხვა
იდუმალი სწრაფი რადიოსიგნალები შესაძლოა დედამიწას ყოველ წამში ეცემა
იდუმალი სწრაფი რადიოსიგნალები შესაძლოა დედამიწას ყოველ წამში ეცემა
სწრაფი რადიოსიგნალები (
წაკითხვა
ვართ თუ არა შესამჩნევი არამიწერი ცივილიზაციებისთვის? რამდენი ეგზოპლანეტიდან შესძლებდნენ დედამიწის დაფიქსირებას
ვართ თუ არა შესამჩნევი არამიწერი ცივილიზაციებისთვის? რამდენი ეგზოპლანეტიდან შესძლებდნენ დედამიწის დაფიქსირებას
ბელფასტის ქვინის უნივერსიტეტისა და გერმან
წაკითხვა