საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
10078

როგორ და სად გაანადგურებს NASA 3,26$ მლრდ-იან ხომალდს - „კასინის“ აღსასრული ახლოვდება

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-08 21:40:00

თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში, მკვლევრები თავაუღებლად მუშაობდნენ, რათა დაეპროექტებინათ, აეგოთ და გაეშვათ უპრეცედენტო მისია პლანეტა სატურნისკენ. 

კასინი-ჰიუგენსის ან უბრალოდ კასინის სახელით ცნობილი, ბირთვულ საწვავზე მომუშავე კოსმოსური ხომალდი 1997 წლის ოქტომბერში გაეშვა; 7 წლიანი მგზავრობის შემდეგ, 2004 წლის ივლისში იგი გაზის გიგანტი პლანეტის ორბიტაზე გავიდა და სატურნისა და მისი მრავალი მთვარის შესახებ მონაცემების შეგროვება დაიწყო. 

თუმცა, ყველაფერი კარგი ოდესღაც აუცილებლად მთავრდება. NASA-ს 3,26 $ მილიარდად ღირებულ ხომალდს ეს დღე 2017 წლის 15 სექტემბერს დაუდგება.  

აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოში 4 აპრილს გამართულ კონფერენციაზე, მკვლევრებმა დეტალურად ახსნეს თუ რატომ კლავენ თავიანთ ასე ნალოლიავებ ხომალდს. ამ პროცესს ისინი „დიდ ფინალს“ უწოდებენ. 

მანევრის დროს კასინი სარეზერვო საწვავს გამოიყენებს და სატურნთან შეჯახების კურსს აიღებს.  

„კასინის აღსასრულის მიზეზი მისივე აღმოჩენები გახდა“, — ამბობს NASA-ს JPL ლაბორატორიის ინჟინერი ეარლ მაიზი, რომელიც კასინის მისიას უძღვებოდა. 

მაიზი გულისხმობდა სატურნის ერთ-ერთი მთვარის, ენცელადის ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ არსებულ მლაშეწყლიან ოკეანეს. ენცელადი წყალს აქტიურად აფრქვევს კოსმოსში. ეს აღმოჩენა კასინის ეკუთვნის. 


ენცელადიდან ამოფრქვეული წყლის ჭავლები, კასინის მიერ გადაღებული ფოტო

2015 წლის ოქტომბერში, კასინიმ ენცელადის ორთქლისა და ყინულის ნაკადებში გაიარა, „დააგემოვნა“ და არაპირდაპირ განსაზღვრა ზედაპირქვეშა ოკეანის შემადგენლობა — აღმოჩნდა, რომ ენცელადის ოკეანეში შესაძლოა არამიწიერი სიცოცხლე ყვაოდეს. 

„რისკზე წასვლა არ შეგვიძლია. უნდა გამოვრიცხოთ ამ ხელუხლებელ, სუფთა სხეულთან კასინის უნებლიე კონტაქტი“, — ამბობს მაიზი. 

„კასინი მას ფრთხილად უნდა მოშორდეს. მიუხედავად იმისა, რომ სატურნის ორბიტაზე ამ ხომალდის შენარჩუნება გვინდოდა, ერთადერთი არჩევანია იგი ჩვენი კონტროლის ქვეშ გავანადგუროთ“. 

თუმცა, მაიზი და 19 ქვეყნის წარმომადგენელი სხვა მკვლევრები სულაც არ აპირებენ, კასინი ასე მარტივად გაემართოს აღსასრულისაკენ და უბრალოდ დაეშვას სატურნისკენ — არა, გზადაგზა მან კიდევ უნდა შეაგროვოს ინფორმაცია. 

მკვლევართა მიზანია ბოლომდე მიიღონ ყველა უკანასკნელი ბაიტი ინფორმაცია, რისი გამოგზავნაც რობოტულ ზონდს შეუძლია მანამ, სანამ კასინი სატურნის თავზე მგრგვინავ შტორმებში რადიოაქტიური კომეტის სახით გაიელვებს და განადგურდება. 

 

„მივდივართ და უკან აღარასოდეს დავბრუნდებით“ 

დიდი ხნით ადრე, სანამ 2004 წელს კასინი სატურნის ორბიტაზე გავიდოდა, მისიის ხელმძღვანელები გულმოდგინეთ ზომავდნენ ორბიტებს, რომ ხომალდს რაც შეიძლება ბევრჯერ შემოეფრინა გაზის გიგანტი პლანეტისთვის, მისი მთვარეებისთვის და რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა, მისი ფართო, ყინულოვანი რგოლებისთვის. 

მათი მიზანი იყო მიეღოთ მრავალი ახალი, უპრეცედენტო ფოტო, გრავიტაციული და მაგნიტური მონაცემები ისე, რომ ხომალდი რთული გზით არ წასულიყო ან გადახურებისგან არ დამწვარიყო. 

მაგრამ დედამიწიდან 1,45 მილიარდი კილომეტრის მოშორებით მუშაობიდან 13 წლის შემდეგ, კასინის საწვავის მარაგი თითქმის ამოიწურა. 

„ვუახლოვდებით დასასრულს. საწვავის შემცირებასთან ერთად, ხომალდის  შესაძლებლობები ძალიან იზღუდება, ამიტომ ახალი მიდგომა შევიმუშავეთ“, — განაცხადა NASA-ს პლანეტურ მეცნიერებათა პროგრამის ხელმძღვანელმა ჯიმ გრინმა პრესკონფერენციაზე. 

NASA-ს შეეძლო კასინი სხვა პლანეტაზე გადაეყვანა, მაგალითად ურანთან ან ნეპტუნთან. მაგრამ 2010 წელს, მისიის მენეჯერებმა მისი სატურნთან დატოვება გადაწყვიტეს იმ მიზეზით, რომ მისიას ასე უფრო დიდი სამეცნიერო ღირებულება ექნებოდა.  

თუმცა, ამ გადაწყვეტილებით ხომალდი ცეცხლოვანი სიკვდილისთვის გაწირეს. 

კასინის სასიკვდილო, სპირალური სვლა ოფიციალურად 2017 წლის 22 აპრილს დაიწყება. 

როდესაც ეს დღე დადგება, ხომალდი უკანასკნელად გადაუფრენს ტიტანს — სატურნის მთვარეს, რომელიც ჩვენს მთვარეზე დიდია, აქვს ატმოსფერო, თხევადი მეთანის ზღვები და წვიმაც კი. 

ტიტანის გრავიტაცია კასინის შურდულივით ისვრის სატურნისკენ, პლანეტის ატმოსფეროს თავზე და 26 აპრილს, იგი პლანეტასა და მის ყველაზე შიდა რგოლს შორის არსებულ ვიწრო სივრცეში გაივლის. 

„ეს უკანასკნელი, „გამოსამშვიდობებელი კოცნა“ იქნება, რომელიც კასინის სატურნზე მიიყვანს. მივდივართ და უკან აღარასოდეს დავბრუნდებით — ეს ცალმხრივი მოგზაურობაა“, — ამბობს მაიზი. 

 

სამეცნიერო ღირებულების მქონე აღსასრული 


სატურნის შიდა სტრუქტურის ილუსტრაცია

სატურნსა და მის რგოლებს შორის არსებული სივრცის სიგრძე 1930 კილომეტრია, დაახლოებით იგივე, რაც ვაშინგტონის შტატის ჩრდილოეთ ნაწილიდან კალიფორნიის შტატის უკიდურეს სამხრეთ წერტილამდე. 

„პლანეტასთან ახლოს მისვლისას, ჩვენ გვექნება სატურნის პოლუსების ყველა დროის საუკეთესო კადრები“, — ამბობს კასინის პორექტის მეცნიერი ლინდა სპილკერი. 

„ჩვენ ვიხილავთ ჩრდილოეთ და სამხრეთის პოლუსების გიგანტურ ქარიშხლებს“. 

სატურნის თავზე უკანასკნელი ორბიტის დროს, კასინი გადაიღებს პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსის ექვსკუთხედის ფორმის მახასიათებლის ყველა დროის ყველაზე ახლო ხედებს; სპილკერის თქმით, ამ მახასიათებლის სიგრძე დედამიწის დიამეტრს ორჯერ აღემატება. 


სატურნის ექვსკუთხედი

„როდესაც კასინი მას მიუახლოვდება, მივიღებთ პასუხს კითხვაზე — „რატომ აქვს ამ ექვსკუთხედს ეს ფორმა?“ 

სპილკერის თქმით, კასინი ასევე გადაიღებს სატურნის პოლუსების ციალებს, გაზომავს პლანეტის რგოლების მასიურობას, „დააგემოვნებს“ მათ შემადგენელ ყინულოვან ნივთიერებებს და სატურნის სქელ ღრუბლებში გავლის შემდეგ, იმასაც გაარკვევს, თუ რა ზომისაა პლანეტის კლდოვანი ბირთვი. 

მგრძნობიარე მაგნიტური და გრავიტაციული გაზომვების წყალობით, რაც კასინის მანამდე არასოდეს გაუკეთებია, ასევე შესაძლებელია პასუხი გაეცეს დიდი ხნის კითხვებს სატურნის შიდა სტრუქტურის შესახებ, მათ შორის — რა ზომისაა მისი კლდოვანი ბირთვი და რა სიჩქარით მოძრაობს გარშემო მეტალური ჟანგბადის გარსი. 

2017 წლის 15 სექტემბერს, საბოლოო ჩაშვებამდე რამდენიმე საათით ადრე, კასინი დედამიწაზე უკანასკნელ ფოტოებს გამოაგზავნის, შემდეგ კი სიკვდილისთვის მოემზადება. 

 

ძველი რობოტი მეგობრის ცეცხლოვანი აღსასრული 


კასინის მომზადება გასაშვებად, 1997 წლის ოქტომბერი

კასინი 2,78 ტონიანი რობოტია; აღჭურივილია ზუსტი ინსტრუმენტებით, რომლებიც ისე არაა დაპროექტებული, რომ ყინულოვან რგოლებს 112 000 კმ სიჩქარით შეეჯახოს. ასევე არ ყოფილა დაგეგმილი მისი შესვლა გაზის გიგანტის სქელ ატმოსფეროში, გეგმის მიხედვით, მას კიდევ უფრო დიდხანს უნდა ეცოცხლა. 

მისიის მეცნიერთა განცხადებით, ისინი საუკეთესო მეთოდს მიმართავენ, რათა ინსტრუმენტები საფრთხისგან დაიცვან და მონაცემთა გადმოცემა ხომალდის სიკვდილის მომენტამდე შეინარჩუნონ.  

ამას ისინი კონუსის ფორმის ძირითადი ანტენის დახმარებით გააკეთებენ, რომელსაც კამერების, მაგნიტომეტრისა და სხვა ინსტრუმენტების დამცავ ფარად გამოიყენებენ. 

მაიზის განცხადებით, თუკი ისე მოხდა, რომ ამ პროცესში კასინიმ დედამიწასთან კონტაქტი დაკარგა, „ხომალდის აღსასრული მაინც ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც ჩვენ დავგეგმეთ, თუმცა დასანანია, რომ ამ შემთხვევაში ბევრად ნაკლებ სამეცნიერო ინფორმაციას მივიღებთ“. 

როდესაც კასინი საბოლოო ჩაშვებას დაიწყებს, საწვავის უკანასკნელ მარაგს გამოიყენებს, რათა შეებრძოლოს ატმოსფეროს წინაღობას და ანტენა დედამიწისკენ მომართული შეინარჩუნოს. 

ამ დროს, როდესაც იგი გაზებში შევა, „გასინჯავს“ სატურნის ატმოსფეროს შემადგენლობას და შეგროვებულ მონაცემებს რეალურ დროში გამოუგზავნის დედამიწაზე განთავსებულ თანამგზავრულ თეფშებს. 

მაგრამ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება. 

„ხომალდი სამუდამოდ დაისვენებს, იგი გადნება, აორთქლდება და სატურნს გადასცემს იმ პლანეტის ელემენტებს, რომელიც მან 20 წლის წინ, კვლევის მიზნით დატოვა“, — ამბობს მაიზი. 

მიუხედავად იმისა, რომ კასინის ჯგუფი „დიდი ფინალისთვის“ აქტიურად ემზადება, ვერ მალავენ სინანულს. 

„ნამდვილად რთული იქნება გამომშვიდობება ამ შეუპოვარ, გამძლე, ციცქნა ხომალდთან, რომელმაც ეს ყველაფერი მეცნიერების დიადი სახელით ჩაიდინა“, — ამბობს სპილკერი. 

„ერთად ძალიან დიდხანს ვიფრინეთ“. 

კასინის „დიდ ფინალს“ საზოგადოებრივი აქტიურად მიადევნებს თვალს და რა თქმა უნდა, ყოველ ახალ ინფორმაციას მკითხველს ოპერატიულად შესთავაზებს.  



მომზადებულია saturn.jpl.nasa.gov-ისა და Business Insider-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია
როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია
2017 წლის 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსურმ
წაკითხვა
მშვიდობით, კასინი! დიადი აღსასრული მეცნიერების სახელით - NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია
მშვიდობით, კასინი! დიადი აღსასრული მეცნიერების სახელით - NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია
NASA-ს სატურნის მისია დასრულებულია, „კასი
წაკითხვა
კასინიმ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა
კასინიმ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა
NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა კასინიმ მშობლი
წაკითხვა
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
ხვალ, 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსური ხომ
წაკითხვა
კასინის აღსასრულის ფინალური მომენტები შეიძლება ტელესკოპებმა დედამიწიდანაც დააფიქსირონ
კასინის აღსასრულის ფინალური მომენტები შეიძლება ტელესკოპებმა დედამიწიდანაც დააფიქსირონ
15 სექტემბერს, დილით ადრე, NASA-ს კოსმოსუ
წაკითხვა
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
NASA-ს კოსმოსურ ხომალდ
წაკითხვა
კასინის აღსასრულამდე რამდენიმე დღე რჩება - 15 სექტემბერს, NASA-ს ხომალდი სატურნის ღრუბლებში დაიწვება
კასინის აღსასრულამდე რამდენიმე დღე რჩება - 15 სექტემბერს, NASA-ს ხომალდი სატურნის ღრუბლებში დაიწვება
სულ რაღაც 13 დღე რჩება NASA-ს კოსმოსურ ხო
წაკითხვა
სატურნის რგოლები და მთვარეები ასტროფიზიკოსებმა შემზარავ ციურ მუსიკად გარდაქმნეს
სატურნის რგოლები და მთვარეები ასტროფიზიკოსებმა შემზარავ ციურ მუსიკად გარდაქმნეს
სულ რაღაც 2 კვირა რჩება „კასინის“ დიდებულ
წაკითხვა